ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა ქობულეთში - გამოცდილება და შთაბეჭდილებები

ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა ქობულეთში - გამოცდილება და შთაბეჭდილებები

05/07/18 ირის ჯგუფის სიახლეები / ღონისძიებები /

3-12 ივნისს ქობულეთში ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა More Mosaic Everywhere for Everyone Always 2018 ჩატარდა. პროგრამაში მონაწილეობდა 35 მონაწილე ევროპის 7 ქვეყნიდან. ეს ქვეყნებია: შვედეთი, ჩეხეთი, უკრაინა, იტალია, საბერძნეთი, კვიპროსი და საქართველო. ქართველი მონაწილეები იყვნენ – თამარ გოგიტიძე, ქეთევან ცორაგაული, პაპუნა ლომოური. პროექტის მონაწილეები შეირჩნენ ღია კონკურსით აპლიკაციებისა და გასაუბრების საფუძველზე.

პროექტი განხორციელდა ირის ჯგუფისა და შვედური ორგანიზაცია More Mosaic -ის თანამშრომლობით. დაფინანსდა Erasmus+-ის მიერ.

პროგრამის მთავარი თემა იყო ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესი, სპორტი და გუნდურ მუშაობაში კომპეტენციების ამაღლებაპროგრამის ძირითადი მიზანია მონაწილეებს გაუუმჯობესოს ენობრივი კომპეტენციები, ხელი შეუწყოს მათ გააქტიურებას და მონაწილეობას პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში, უფრო მეტად წაახალისოს ისინი არაფორმალურ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობისათვის. ასევე, პროგრამა მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს ევროპული სამოქალაქო ღირებულებების გავრცელებას და დაფუძნებას და რაც მთავარია, მონაწილე ადამიანების დაახლოებას მათი მომავალი თანამშრომლობისათვის.

პროგრამა მიმდინარეობდა სხვადასხვა ჯგუფური და ინდივიდუალური სავარჯიშოების და თამაშების ფონზე, რომლებიც მიზნად ისახავდა ზევით ჩამოთვლილი კომპეტენციების ჩამოყალიბებას და გაძლიერებას მონაწილეებში. ზღვის სანაპიროზე და ამავდროულად, ქალაქის ცენტრთან სიახლოვე, ქმნიდა გარემოს იმისათვის, რომ მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი ყოფილიყო აქტივობები.

ვნახოთ რას ყვებიან ქართველი მონაწილეები ქობულეთში გატარებული 10 დღის შესახებ.

ჩვენი ქობულეთური ვოიაჟი! ვცდილობ გონებაში მოვძებნო შესაბამისი სიტყვები, რაც შეძლებს ამ დღეების აღწერას და იმ ემოციების სიტყვებად გადმოცემას, რასაც მე ამ დღეების განმავლობაში განვიცდიდი. პროექტი More Mosaic Everywhere for Everyone Always  ჩემთვის გახდა ადგილი, რომელმაც მაპოვნინა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ადამიანები, მზის ადამიანები და ჩემი ცხოვრება გახადა უფრო ფერადი, აავსო მეტი დადებითი ემოციებით. არასდროს დამავიწყდება paper clips challenge (ე.წ. ქაღალდის სამაგრის გამოწვევა)-ის შემდეგ  აღმაშენებლის გამზირზე დამტვრეული სავარძლით (რომელიც დანარჩენი დღეების განმავლობაში ღირსეულად ამშვენებდა სასტუმროს ეზოს) ხელში ამაყად მომავალი ჩემი გუნდი ან ისეთი საინტერესო აქტივობები, როგორებიც იყო blind walk (თვალებახვეული სიარული პარტნიორის თანხლებით), ship of dreams (ოცნებების გემი – მონაწილეებს ზღვაზე გამორიყული ნარჩენებისაგან უნდა აეგოთ გემი)  და ა.შ. – ქეთევან ცორაგაული, 24 წლის, ახმეტა.

ეს 10 დღე კულტურულად ძალიან დატვირთული აღმოჩნდა და კიდვ ერთხელ დამარწმუნა იმ დადებით მხარეებში რაც კულტურულ მრავალფეროვნებას ახასიათებს. პროექტის აბსოლუტურად ყველა მონაწილე მეგობრული იყო პირველი დღიდანვე და ამან კიდევ უფრო შეუწყო ხელი იმას, რომ ეს  დღეები მართლაც დაუვიწყარი ყოფილიყო. პროექტის თემატიკა ჩემთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, რადგანაც საკმაოდ დაინტერესებული ვარ სხვადასხვა კულტურათა გაცნობით, ამიტომ ამ მხრივაც პროექტმა ჩემს მოლოდინებს გადააჭარბაპაპუნა ლომოური, 21 წლის, რუსთავი

ყოველ საღამოს, სესიების დასრულების შემდეგ, თითოეული მონაწილე  ქვეყნის ჯგუფი მართავდა კულტურულ საღამოს. საღამოებზე წარმოდგენილი იყო ქვეყნისათვის დამახასიათებელი სამზარეულო. კონკრეტული ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეებს სთავაზობდნენ ქვიზებში მონაწილეობის მიღებას, რაც ძალიან სასარგებლო იყო ახალი ინფორმაციის მისაღებად ქვეყნის შესახებ. 

აღნიშნული პროექტი ჩემთვის პირველი გამოცდილება იყო, შესაბამისად წინასწარ რაიმე კონკრეტული მოლოდინი არც მქონია. თავიდან ძალიან მაშინებდა ის ფაქტი, რომ მსგავს პროექტებში არანაირი გამოცდილება არ მქონდა და მოცემულ დავალებას თავს ვერ გავართმევდი, მაშინებდა ენის ბარიერიც. თუმცა უნდა ითქვას, რომ ქობულეთში ჩასვლის დღიდანვე ყველა შიში გაქრა და მხოლოდ ის აღტაცებაღა შემომრჩა, რაც ახალი ადამიანების გაცნობით მივიღე. ყველა მონაწილე იმდენად მეგობრული, უბრალო და კარგი ადამიანი აღმოჩნდა, რომ შემრცხვა კიდეც საკუთარი შიშების და კომპლექსების, რაც პროექტამდე მქონდა. პროექტის ფარგლებში უამრავ აქტივობებში ჩავერთეთ, გუნდური თუ ინდივიდუალური მუშაობით, რაც ძალიან დიდი და საინტერესო გამოცდილება იყო ჩემთვის. კულტურულმა მრავალფეროვნებამ მონაწილეებს შორის, კიდევ უფრო საინტერესო გახადა პროცესი. 10 დღე სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ერთ დიდ ოჯახად ვქცეულიყავით. თითოეული აქტივობის შემდეგ კიდევ უფრო მეტად ვიცნობდით და ვუახლოვდებოდით ერთმანეთს. – თამარ გოგიტიძე, 21 წლის, ქობულეთი.

აქვე გთავაზობთ ფოტოებს პროგრამის მიმდინარეობიდან.

 



Copyright 2018 © Gega Gagua. All rights reserved